logo
ENG



კარტოგრაფების საქმე: რა ჩვენება მისცა სალომე ზურაბიშვილმა გამომძიებელს

22 იან 202116:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/22/llnt4wih7bzq44i.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კარტოგრაფების საქმეზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც 12 იანვრით თარიღდება, იხსენებს მის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში გამართულ შეხვედრებს და რამდენჯერმე ახსენებს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. იგი ამ პოსტს 2004 წლის მარტიდან, 2005 წლის ოქტომბრამდე იკავებდა. ჩვენებაში სალომე ზურაბიშვილი ყვება, რომ კომისიის საქმიანობაში ჩართული არ იყო და არც ის იცის, იქ ვინ რა კუთხით მუშაობდა. 

თუმცა, ყვება, რომ როცა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე განსხვავებული პოზიციები მოისმინა, ინფორმაცია იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადასცა. იგი ამბობს, რომ "ასეთი საკითხები მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა". 

"უშუალოდ არ ვიყავი ჩართული ამ კომისიის საქმიანობის პროცესში. კომისიის გადაწყვეტილებებებზე ზოგადი ხასიათის ინფორმაციას ვიღებდი მხოლოდ მაშინ, როცა იგეგმებოდა შეხვედრა ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რომლის გვარიც იყო მამედოვი. 

ერთ-ერთი ვიზიტის წინ, როდესაც ინფორმაცია მოვისმინე, აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის არსებობდა განსხვავებული პოზიციები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.

ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან მეორედ შეხვედრის დროს, ვინაიდან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხარეთა შორის იყო შესათანხმებელ მონაკვეთებზე პოზიციების სხვადასხვაობა და აღნიშნული გარკვეულწილად აფერხებდა დელიმიტაციის პროცესს, დაავაყენე საკითხი, რომ ხსენებული საკითხები მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა და აუცილებელი იყო გადაწყვეტილება მიღებულ ყოფილიყო ორივე ქვეყნის პირველი პირების მეირ, რაზეც იგი დამეთანხმა. 

მე, ჩემის მხრივ აღნიშნულის შესახებ გადავეცი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, ჩემთვის უცნობია, გადასცა თუ არა აღნიშნული საკითხი ჩემმა კოლეგამ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩემთვის ასევე უცნობია, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხებს შესაბამისი პირების მხრიდან, ვინაიდან მე ამ შემთხვევიდან მალევე დავტოვე დაკავებული თანამდებობა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

გამომძიებლის კითხვაზე, კომისიის წევრებიდან ვინ ასრულებდა კარტოგრაფიულ სამუშაოებს, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესათანხმებელი მონაკვეთების სასაზღვრო ხაზის დატანას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ იცის, კომისიაში ვინ რა კუთხით მუშაობდა:

"არ მახსოვს, ვინ იყო კომისიის თავმჯდომარე, მხოლოდ ის მახსოვს, რომ დელიმიტაცია დემარკაციის კომისია ხელმძღვანელობა 1938 წლის ადმინისტრაციული რუკით, რომლის გამოყენებაზეც პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები შეთანხმდნენ. უშუალოდ რუკის მასშტაბების შესახებ არ ვარ ინფორმირებული. არასდროს მე კომისიის საქმიანობის მუშა პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია და არც რაიმე საკითხი უშუალოდ არ შემითანხმებია".

ასევე, მას გამომძიებელი ეკითხება, იყო თუ არა ბაქოში 2005 წლის 25-24 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრისას, შესაბამის დელეგაციაში, ესწრებოდა თუ არა პრეზიდენტების იმ შეხვედრას, რომელზეც საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილეს და თუ კი, სთხოვს, გააცნოს ამ შეხვედრის დეტალები, მიიღო თუ არა მან რაიმე სახის დირექტივა, მითითება ან დავალება იმჟამინდელი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან. ამაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ ახსოვს, იყო ესწრებოდა თუ არა მსგავს შეხვედრას:

"მითითებულ თარიღებში არ მახსოვს, ვიყავი თუ არა დასახელებულ შეხვედრაზე, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან რაიმე სახის დავალება აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არ მიმიღია. ასევე, არ მახსენდება ისეთი შეხვედრა, რომელზედაც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს საზღვრის საკითხზე ესაუბრათ და მე დავსწრებოდი ამ შეხვედრას, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართულიყო".

 21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით "დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს".

როგორც ირკვევა, პროკურტურა იველი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში აყურადებდა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერი 2020 წლის 28 სექტემბრით თარიღდება.

  • პროკურატურის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 

 


close დახურვა