"ოცნების" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს.
უწყება აცხადებს, რომ არ შეიძლება ვინმემ "საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული."
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ტვ პირველთან საუბარში სინდისის პატიმარმა განაცხადა, რომ გასულ წელს სუს-ი მისი 11 წლის შვილის გატაცებას აპირებდა და დაამატა, რომ უწყებიდან მას 3 თვის განმავლობაში ურეკავდნენ.
"შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუს-ის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რხვენოდეთ, რა! ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუს აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ. დარეკავენ ღამის ორ საათზე, რაღაცეებს საუბრობენ, მერე უთიშავენ, მაგრამ მაშინ დაბლა იტყუებდნენ. ერთხელ მე თვითონ შევესწარი, "რომელი ხარ,-მეთქი". მე მიმალავდნენ ჯერ, რომ არ გავგიჟებულიყავი და არ გავარეულიყავი, საერთოდ და მერე უკვე მითხრა ბავშვმა. ესენი არიან ტერორისტული ორგანიზაცია, ტერორისტული ჯგუფია და მე მინდა, მივმართო აშშ-ს, რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ნარკოტიკებით გაავსეს ქვეყანა, მოხედეს საქართველოს. ჩვენ ხომ ვიღებდით მონაწილეობას ამერიკის მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ერაყში. უარეს დღეში ვართ! ჰიბრიდული ომი მიდის ჩვეულებრივად, დაგვწამლეს. მე, იცით, რა მდგომარეობა მქონდა? ყველა სიმპტომი მქონდა აბსოლუტურად, გრძნობა დავკარგე, პლიუს ორს ვხმარობდი და ახლა პლიუს ორიც აღარ მყოფნის, ყველა უბედურება მჭირდა. ის კი არა, ბავშვებიც დამეწამლნენ, პირღებინება დაეწყოთ. სუნი რომ იდგა მანქანაში ყველას პირღებინება დაეწყო", - აცხადებს ვეფხია კასრაძე.
