logo

კახი კავსაძე რუსთაველის თეატრიდან გაასვენეს

01 მაი 202113:53
3 წუთის საკითხავი
clock 770
ფორმულა

კახი კავსაძე რუსთაველის თეატრიდან გაასვენეს. მსახიობს ცოლის, ბელა მირიანაშვილის, გვერდით დაკრძალავენ საბურთალოს სასაფლაოზე.

მსახიობის პანაშვიდზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მივიდნენ. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს.

„ქართულ სცენას და კინოს სინათლე მოაკლდა მისი სახით. შეიძლება იყო კარგი ადამიანი და უნიჭო, ან ნიჭიერი და ცუდი ადამიანი. ეს იყო ნიჭიერი და კარგი ადამიანი, გასხივოსნებული. ეს სხივი მოაკლდა საქართველოს", - ამბობს გივი სიხარულიძე.

პანაშვიდზე მივიდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი - კახა კალაძე და პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, კახა კუჭავა. ოჯახს მიუსამძიმრეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს. ლეგენდარული მსახიობი დაკარგა საზოგადოებამ. სევდიანია, რომ მთელი ქვეყანა ვემშვიდობებით კახი კავსაძეს. დარმწუნებული ვარ, მისი შემოქმედება განაგრძობს არსებობას", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.

კახი კავსაძის პანაშვიდზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მანამდე ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. 15 დეკემბერს ის ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა შემდეგ ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.

კახი კავსაძე 1935 წელს დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. რუსთაველის თეატრის მსახიობი კი 1959 წლიდან იყო. კახი კავსაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი და ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი. ის 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. 

მისი აღსანიშნავი როლებია: ადამი ("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია ("გუშინდელნი"), დევდარიანი ("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი ("რიჩარდ III"), კენტი ("მეფე ლირი"), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"). კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.

close დახურვა