logo
ENG



კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან - გაბეჩავა

24 ივლ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
nmvl56atopckg66.png

გიორგი საქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ანი გაბეჩავას განცხადებით, არც მისი ჩვენება და არც  მეგობრებთან მიმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და გამოძიებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ცნობილია.

როგორც გაბეჩავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის იყო პირველი ადამიანი, ვინც შაქარაშვილის საქმის ფარგლებში გამოიკითხა. მისივე თქმით, იგი გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. 

"პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირველი ადამიანი ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას. გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა, რომ გამერკვია, თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს,რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო:1. მარტო არ მსურდა წასვლა, 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა, რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა", - წერს მოწმე. 

ამასთან, გაბეჩავა ამბობს, რომ საქმის ყველა დეტალი გაირკვევა. მან საზოგადოებას მოუწოდა მხარდაჭერისკენ. 

"ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას", - წერს გაბეჩავა

გარდა ამისა, იგი მედიასაც მიმართავს და ამბობს, რომ მასმედიის წარმომადგენლებს კითხვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ. 

შეგახსენებთ, რომ ანი გაბეჩავა არის იუბილარი, რომლის დაბადების დღეზე ყოფნის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ და მაშველებმა ფეხბურთელი 22 ივლისს, არაგვის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. 


close დახურვა