logo
ENG



კილაძე პატრიოტთა ალიანსის კრემლისგან დაფინანსებაზე: ქართულ ოცნებაზეც ამბობენ, პრორუსულიაო

25 აგვ 202013:41
3 წუთის საკითხავი
 
კილაძე პატრიოტთა ალიანსის კრემლისგან დაფინანსებაზე: ქართულ ოცნებაზეც ამბობენ, პრორუსულიაო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, მას ბევჯერ სმენია ბრალდება მმართველ გუნდზე, რომ პრორუსულია. ასე ეხმაურება კილაძე სააგენტო "დოსიეს" მიერ გავრცელებულ დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. 

მისი თქმით, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საკითხზე, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ქართული ოცნებისთვის კი მიუღებელია პარტია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს. 

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება. ეს კანონის დარღვევაა პირველ რიგში, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, ოკუპანტი ქვეყნისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას, მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური პარტია და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. მე ძალიან ხშირად მომისმენია ქართული ოცნების მიმართაც ეს ბრალდებები, რომ არის პრორუსული", - თქვა კილაძემ ჟურნალისტებთან. 

ის ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას მიერ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ხოშტარიას მაშინ გახსენებოდა რუსეთის ოკუპანტობა, როცა "ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა".

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარება - ინფორმაციას, თანდართული დოკუმენტებით, ორგანიზაცია "დოსიე" ავრცელებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსს" დაუქირავეს და მიუჩინეს პოლიტტექნოლოგები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში.

ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატება.

დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი, რა რჩევებს აძლევენ მოსკოვში ქართველ პოლიტიკოსებს - გზავნილები ანტიდასავლურია. საუბარია "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაში ჩართულ კრემილის მიერ დაფინანსებულ მედიაზეც.


close დახურვა