logo
ENG



კინზინგერი: შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობით, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე საქართველოში

04 სექ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 
gqwm8zpnyruqzur.jpg

შეერთებული შტატების კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, Twitter-ზე შეშფოთებას გამოთქვამს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად არის გამოსახული.

კინზინგერი წერს, რომ თურქეთი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მისი თქმით, ეს არის რუსეთის მცდელობა, გავლენა მოახდინოს საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

კონგრესმენი ყველა პარტიას მოუწოდებს, გამჭვირვალე გახადონ ინფორმაცია ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

"შეშფოთებული ვარ ზოგიერთების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ აჭარა თურქეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა.
ეს მტკიცება უაზრობაა. თურქეთი საქართველოსა და შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. უმთავრესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს ბრალდება რუსეთის მცდელობაა ყურადღება გადაატანინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გავლენა მოახდინოს მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებზე. 
მოვუწოდებ ყველა პარტიას, გამჭვირვალე გახადონ ინფორმაცია ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და თავი შეიკავონ საშიში რიტორიკისგან.
მსოფლიო აკვირდება საქართველოს, როგორ დგამს ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და ვიმედოვნებ, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ",-წერს კინზინგერი.

ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ 29 აგვისტოს გაავრცელა.

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".

ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის ბანერები ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. 

იქამდე კი გონიოში ლელოს წევრებმა უკვე ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის 1 ანალოგიური ბანერი. 


close დახურვა