logo
ENG



ბათუმის მერიამ პატრიოტების ბანერები ჩამოხსნა, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი

29 აგვ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 
qs6xqoywixl2pj5.png

ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის ბანერები ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. საუბარია ბანერებზე, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოქმები ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით გადაიგზავნა.

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა.

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 2020 წლის არჩევნებისთვის კი პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".

იქამდე კი გონიოში ლელოს წევრებმა უკვე ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის 1 ანალოგიური ბანერი.


close დახურვა