ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პირველ რიგში, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.
კინზინგერის განცხადებით, მან მთავრობისგან მიიღო დაპირებები, რომ ისინი გააგრძელებენ დასავლელლი პარტნიორების ძიებას.
„არ ვიცი რამდენადაა საფრთხის ქვეშ, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ. პორტზე ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ის ძალზედ მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვის. უბრალოდ, საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას უნდა შეავლო თვალი და დაინახავ, და ეს ქართველებმა ყველაზე კარგად იციან.
"საქართველოს გარდა, ტვირთის უმეტესობა ირანისა და რუსეთის გავლით გადის, და ჩვენ გვინდა, ეს როლი საქართველოს ჰქონდეს. ეს პორტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვიმეორებთ. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო პასუხები მივიღე ამ თემაზე. მაგრამ მთავრობამ მომცა გარანტია, რომ ისინი გააგრძელებენ დასავლელი პარტნიორების ძიებას და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლეა“, - განაცხადა კინზინგერმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს - განცხადება ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ არებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ პორტის მშენებლობას განზრახ აჭიანურებს. ისინი მმართველ გუნდს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.
ამავდროულად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში და კომპანიას სხვა გზა არ რჩება, გარდა საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილისა.
ამავე თემაზე: ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სხვა საკითხებზეც ისაუბრა. კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაზე და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სასამართლო სამართლისთვის გამოეყენებინა. გარდა ამისა, კინზინგერმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში არსებულ დემოკრატია შემაშფოთებელ ეტაპზეა. გარდა ამისა, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება მიღწეული, კონგრესი ბევრისთვის მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს.