logo
ENG



კირბი: F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა

21 ივლ 202316:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/uv1fn8aa73lm8dt.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა. ამის შესახებ კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კირბიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ კიევისთვის გადაცემული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე ბრძოლის ველზეა და უკრაინელები მას ეფექტიანად იყენებენ. კირბის თქმით, ახლა უკრაინას ყველაზე მეტად არტილერია სჭირდება.

"ის, რაც უკრაინას ახლა ნამდვილად სჭირდება, არის არტილერია, აღჭურვილობა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ტანკები. ყველა ამ მიმართულებაზე ჩვენ უზრუნველვყავით მხარდაჭერის უდიდესი რაოდენობა უპრეცედენტოდ მოკლე დროში. თუ გადახედავთ სამხედრო დახმარების პაკეტებს, დაინახავთ, რომ ჩვენ ვცდილობთ უკრაინას ამ ტიპის შეიარაღება მივაწოდოთ.

F-16-ები უკრაინაში ჩავა, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენი შეფასებით, მხოლოდ F-16-ები ვერ შეძლებენ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლას. ყველაზე მეტად უკრაინას ახლა არტილერია სჭირდება და ამიტომ, პრეზიდენტმა მიიღო რთული გადაწყვეტილება კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ", - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი.

12 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა F-16 ტიპის  მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების გადასამზადებელი კოალიციის შექმნის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი - მემორანდუმზე ხელმოწერა ვილნიუსში, 11 დასავლელ კოლეგასთან ერთად შედგა. რეზნიკოვმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დანიასა და ნიდერლანდებს, რომლებმაც ამ პროცესში ლიდერობა გამოიჩინეს.

რეზნიკოვის განცხადებით, მემორანდუმში აღნიშნულია, რომ გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და პერსონალი. განცხადების თანახმად, შესაძლოა განიხილონ სხვა ტიპის მებრძოლების ჩართვა ამ პროგრამაში - უკრაინასთან ერთად, კოალიციაში გაერთიანებულია დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

15 ივლისს, Politico-მ დაწერა, რომ 11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელმაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის  მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უნდა გადაამზადოს, წვრთნების დასაწყებად ჯერ კიდევ ელოდება აშშ-ის ოფიციალურ დასტურს.  

კოალიციამ, რომელსაც დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობს, უკრაინელი მფრინავების გადასამზადებლად მემორანდუმს NATO-ს სამიტის პარალელურად, ვილნიუსში მოაწერა ხელი. ევროპელი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ პროგრამის განხორციელებას აგვისტოში დანიაში დაიწყებენ - საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება რუმინეთშიც.

თუმცა როგორც Politico წერს, პროგრამა ვერ დაიწყება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად არ მოაწერს ხელს F-16-თან დაკავშირებული მასალების გადაცემის მოთხოვნას, რაც ჯერ არ მომხდარა. აქვე აღნიშნულია, რომ წვრთნების განხორციელებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა "მწვანე შუქი აუნთო", თუმცა როგორც პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, ოფიციალური თანხმობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.


close დახურვა