logo
ENG



კირკიტაძე: ჩვენი დამკვირვებლები საოლქო და საუბნო კომისიებიდან გამოვიწვიეთ

19 ნოე 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საოლქო და საუბნო კომისიებში დამკვირვებლები არ ეყოლებათ. ამის შესახებ პარტიის წევრმა დავით კირკიტაძემ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა.

"ის, რაც ქვეყანაში მოხდა, არ შეიძლება, არჩევნები ეწოდოს. მეორე ტურში იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ საარჩევნო გარემო გაჯანსაღდეს და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღოთ პროცესი, რომ არჩევნები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. ჩვენი დამკვირვებლები, აბსოლუტურად ყველანი, საოლქო და საუბნო კომისიებიდან გამოწვეულები არიან", - აღნიშნა კირკიტაძემ. 

საოლქოდან და საუბნო კომისიებიდან უკვე გამოიწვია 1 136 დამკვირვებელი ევროპულმა საქართველომ.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. 

პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა. 

ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 

თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.


close დახურვა