logo
ENG



კოალიცია თანასწორობისთვის პანსიონზე: სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს

03 ივნ 202121:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/03/vnsyilv3iipp4tt.png

კოალიცია თანასწორობისთვის ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ მკაცრ რეაგირებას საჭიროებს.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ამბობენ, რომ განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. მათივე თქმით, შემაშფოთებელია პანსიონში პრორუსული, ძალადობრივი იდეების წამახალისებელი მედია ალტ ინფოს და სხვა ძალადობრივი ჯგუფების შეშვება.

კოალიციის განცხადებაში წერია, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე.

"ამ ფონზე შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ამბავი, რომ ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს პრორუსული, ძალადობრივი იდეების წამახალისებელი მედია ალტ ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები და პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან გათავისუფლებულმა ეპისკოპოსმა, სერაფიმე ჯოჯუამ კი წირვა აღავლინა. 

ამასთან, სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა. უფრო მეტიც, ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ კეთდება განცხადება დიდი პანსიონატების დეინსტიტუციონალიზებისა და აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც ამ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი გარემოს და უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), უფლებები საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), კავშირი „საფარი“, თანასწორობის მოძრაობა

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.

 


close დახურვა