logo
ENG



"ყველაზე ცუდად ჯოხით ცემა და თმებით გაწეწვა მახსენდება" - რა ხდება ნინოწმინდას პანსიონში

25 დეკ 202120:53
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა, აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და დაბანა აუკრძალა, სკამის ფეხი ჩაარტყა, საჭმელი არ აჭამა, დაძინება აუკრძალა - ეს ნინოწმინდას პანსიონში მომხდარი ძალადობის ფაქტების არასრული ჩამონათვალია. 

პანსიონის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, გაუპატიურებული გოგოა. ის შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ პანსიონის დატოვების მიუხედავად ის დღემდე შიშის ქვეშ ცხროვრობს. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. 

"ნინოწმინდიდან რაც წამოვედი შიშები მაქვს და შფოთი, ღამითაც მესიზმრება... ვფიქრობ, რომ აქაც მოვლენ", - ამბობს ის.

ყოფილი აღსაზრდელი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება იმის დასჯას, ვინც არასრულწლოვან გოგოზე პანსიონის კედლებში სექსუალურად იძალადა. გოგოს თქმით, დამნაშავე მომხდარის დაფარვის მიზნით მას წლების განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდა.

"ვინც ჩემზე იძალადა ის მაკითხავდა და მეუბნებოდა, რომ საჩივარი გამომეტანა. ისიც მითხრა, რომ ყველაფერი პირიქით ილაპარაკეო, თორემ რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს აქაც მომაგნოს. დარწმუნებული ვარ, აქაც მოვა. მითხრა, რომ ყველგან მომაგნებდა", - ამბობს გოგო. 

ახლა დეტალებზე საუბარი უჭირს, თუმცა მომხდარი შაბათის ფორმულასთან საუბრისას რამდენიმე თვის წინაც გაიხსენა. ყვებოდა როგორ იძალადეს მასზე 15 წლის ასაკში ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად. ეს ყველაფერი პანსიონში ხდებოდა, მაშინ, როდესაც აღმზრდელებიც იქ იყვნენ.

გამოძიება სექსუალურ ძალადობაზე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. საქმე ნინოწმინდის პანსიონის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. ძალადობის მსხვერპლმა პანსიონის დატოვების შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა, თუმცა თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობს. იქ გატარებულ 10 წელზე კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის აღმზრდელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. არცერთ ეპიზოდში გოგონა დაზარალებულად ცნობილი არ არის.

სახალხო დამცველის დასკვნაში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობასთან ერთად საუბარია სისხლის სამართლის სხვა საქმეებზეც. ომბუდსმენი გამოძიების უმოქმედობასა და არასრულწლოვნების კანონდარღვევით გამოკითხვაზე მიუთითებს. დოკუმენტი ასევე ასახავს არასრულწლოვნების მიმართ ღირსებისშემლახავი, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებსაც. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ეს ყველაფერი წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთანაა გათანაბრებული.

შაბათის ფორმულას ზარებს და შეტყობინებებს არც პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი პასუხობს. ნინოწმინდის პანსიონში 15 აღსაზრდელი დარჩა. ბავშვების უმეტესობამ ტერიტორია სექტემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ხმაურიანი მოვლენების შემდეგ პანსიონის დირექტორი შეიცვალა და სასამართლომ არასრულწლოვნების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 

"ყველაზე ცუდად ჯოხით ცემა მახსენდება. ძირითადად საჭმლის გამოტოვება, ჯოხით ცემა, თმებით გაწეწვა. ერთი და იგივე დასჯის მეთოდები ჰქონდათ სხვადასხვა აღმზრდელებს. ვშრომობ იმისთვის, რომ კარგი მომავალი მქონდეს. ცვლილებები კარგია ცხოვრებაში", - ამბობს ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელმაც პანსიონი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ ითხოვს დარჩენილი ბავშვების გადაყვანას ოჯახებში, ან მასთან მიახლოებულ დაწესებულებებში.


close დახურვა