კოალიცია ცვლილებისთვის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული ქარტიით გათვალისწინებული შეთანხმებების ერთგულია.
"პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქართულ ქარტიასთან. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას", - წერია კოალიციის განცხადებაში.
***
დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარტიებმა, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ თავიანთი მზაობა და თქვან ეთანხმებიან თუ არა ქარტიის ამ პუნქტს: "ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ უკან წაიღონ ხელმოწერა".