logo
ENG



კობალაძე: პოლიტიკური პროცესია, ჯერ პოლიტიკოსები საუბრობენ, შემდეგ მოქმედებენ უწყებები

15 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 15 დეკემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ბრიფინგს გამართავენ და ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურებიან. 

აკაკი კობალაძის თქმით, როგორც კობახიძის, ისე ქართული ოცნების სხვა წევრების განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ მათი დაკავება პოლიტიკური პროცესია. 

ირაკლი კობახიძემ 14 დეკემბრის ბრიფინგზე თქვა: 

"როდესაც გაყიდული გაქვს დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ასეთს, მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს თავის მოჭრაა". 

"კობახიძე მიდის პროკურორზე წინ, პროკურატურაზე წინ და გვედავება ისეთ საკითხს, რასაც პროკურატურაც კი არ კადრულობს, რომ ჩვენ წაგვიყენოს. ეს რომ პოლიტიკური პროცესია, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჯერ პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რა და როგორ მოხდა და შემდეგ ფაქტის კონსტატირებას აკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები". - თქვა კობალაძემ ფორმულას ეთერში. 

ბრიფინგი საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ გაიმართება, სადაც დაცვის და ბრალდების მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. 

ხუსკივაძის და კობალაძის ადვოკატები მოწმის სახით ქართული ოცნების წევრების, ბექა დავითულიანის და გიორგი ხელაშვილის დაბარებასაც მოითხოვენ. 

"მათ პირდაპირ შეუკვეთეს ხუსკივაძის და კობალაძის დაჭერა ისე, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულიც არ იყო". - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 

აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე 7 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა ედებათ. მათ დაკავებამდე ქართული ოცნების წევრმა, ბექა დავითულიანმა ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ პარტიის ინფორმაციით, "იმ ღამეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები და რეპრესიებით ემუქრებოდნენ". კობალაძის და ხუსკივაძის შესახებ იმავე დღეს ილაპარაკა ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ხელაშვილმა.


close დახურვა