logo
ENG



ხუსკივაძე-კობალაძის სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია

10 დეკ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულების, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის პროცესი იწყება, საპროტესტო აქცია იმართება. დღეს, 10 დეკემბერს, მათი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომაა.

სასამართლოს ეზოში პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და იქ შეკრებილებს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევს.

იქ არიან დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები. ადგილზეა "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ცდილობდა, ეზოში გაეკრა სტიკერები წარწერით, "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "პროპაგანდის პატიმრები". 

ასევე, ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ლოდერი, ხატია დეკანოიძე, რომელიც ამბობს, რომ ხუსკივაძე და კობალაძე "პოლიტიკური ტერორიზმის მსხვერპლები" არიან. 

"ხუსკივაძე და კობალაძე არიან მსხვერპლი, იმ პოლიტიკური ტერორიზმის, რომელიც ხელისუფლებას დასჭირდა არჩევნებამდე, როგორც მელაშვილი-ილიჩოვა, ამიტომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა განთავისუფლდნენ", - აცხადებს დეკანოიძე. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ისნის #5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით, 50 000 დოლარი შესთავაზეს.

პროკურატურის ამტკიცებს, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს, განცხადების გაკეთების შემდეგ, თანამდებობა დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა.

საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა. 

ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების ამ ბრალდებებს ამორალური უწოდეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს. 

მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისის ფონზე გაისმა.


close დახურვა