logo
ENG



კობახიძე: ბიჭვინთა, ბორდერიზაცია, ყველაფერი ენმ-ს მემკვიდრეობაა

07 სექ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ბიჭვინთა, ბორდერიზაცია, ყველაფერი ენმ-ს მემკვიდრეობაა

რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მითვისებაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კვლავ ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კობახიძის თქმით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის ნაწილია.

"20 პროცენტი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა არც ერთი და არც მეორე. ესეც ამის ნაწილია. 20 პროცენტი ჩააბარეს ტერიტორიებს და შექმნეს უამრავი პრობლემა. ეს იგივე ბიჭვინთა, ბორდერიზაცია, ყველაფერი მათი [ნაციონალური მოძრაობის] მემკვიდრეობაა, მათ დაგვიტოვეს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რისკებისგან. გვაცადეთ", - თქვა კობახიძემ.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს, რომ რუსეთს ბიჭვინთაში ე.წ. სახელმწიფო აგარაკის ტერიტორია გადასცეს.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აფხაზეთის მოსახლეობაში პროტესტი მოყვა. მოქალაქეთა ნაწილი ქუჩაში საპროტესტო ბანერებით გამოდის. 
 
როდესაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს, მან თქვა, რომ "პოლიტიკოსებმა ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ".
 

close დახურვა