logo
ENG



კობახიძე: გახარიას ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე

28 მაი 202114:14
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას ფაქტორი მმართველი გუნდის რეიტინგზე არანაირი გავლენას არ იქონიებს და ეს საკითხი პარტიისთვის აქტუალური აღარ არის. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა ქართული ოცნების მთავარი ორიენტირი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაა. ის ფიქრობს, რომ გუნდი გამარჯვებას მიაღწევს.

"ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ, აქტუალური ეს ჩვენთვის არ არის. გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ, გახსოვთ, გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს [გიორგი გახარიას] ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი", - თქვს კობახიძემ. 

რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, რომელიც მას პრემიერმინისტრობის დროს ჰქონდა, კობახიძე ამბობს, რომ ​სურათი ახლა არსებითად შეცვლილია. 

"ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი, საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერმინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია ეს რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, ის შეცვლილია არსებითად. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია 29 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. პარტიის სახელის ერთ-ერთ ვერსიად "ვერთიანდებით საქართველოსთვის" განიხილება. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. 

ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.

გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.


close დახურვა