logo
ENG



კალაძე: ჩემზე პროევროპელი, პროამერიკელი არ ვიცი, რამდენი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში

17 ოქტ 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/fcj41o8w9rv9nb3.jpg

"ჩემზე პროევროპელი, პროამერიკელი, არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ამ ქვეყანაში" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, "მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს".

კალაძემ ამ განცხადებას "სიყალბე და სიცრუე" უწოდა. ის ირწმუნება, რომ "ამის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობს" და ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ "ურთიერთობების დალაგებაზე" საუბრობს.

"ეს არის ძალიან დიდი სიყალბე, სიცრუე, არანაირი საფუძველი არ არსებობს ამის თქმის, თუმცა გვესმის ჩვენ აღნიშნული განცხადებები, კიდევ ვიმეორებ, რაც უფრო მოახლოვდება თარიღი, კიდევ ბევრს მოვისმენთ ასეთ განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიყალბეზე, თუმცა როგორც კი არჩევნები დამთავრდება, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი გადავა მილევად რეჟიმში, რა თქმა უნდა, შევძლებთ ურთიერთობების დალაგებას.

გაიხსენეთ, სანამ ომი დაიწყებოდა, ხომ არ გვქონდა ეს მდგომარეობა, მას შემდეგ დაიწყო ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რაც საქართველომ უარი თქვა სანქციების მიერთებაზე, მას შემდეგ დაიწყო ეს განცხადებები, რაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე, იმიტომ რომ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელებიც, მინდა გითხრათ, ახლა ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი, თუნდაც, მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში, მაგრამ პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა, სამშობლო, პირველი მე ვარ პროქართველი და ვატარებ პროქართულ პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესი", - თქვა კახა კალაძემ. 


close დახურვა