ქართული ოცნების თავმჯდომარე ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამართული პროტესტი “რუსულ-ნაცმოძრაობის“ იყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროტესტში მონაწილეობდნენ ადამიანები, ვინც საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებენ.
„პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, ვინც აკეთებენ რუსეთის საქმეს საქართველოში და არიან შემჩნეული კავშირებში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი. ესენი სხედან ნაცმოძრაობის ოფისში და აქვთ უფრო მძიმე განცხადებები გაკეთებული, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდნენ. იყვნენ კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არიან რუსეთის საქმის მკეთებლები. ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოთქვა ეჭვი იმის შესახებაც, რომ გარკვეული პირები რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობას ეწევიან - მისი განმარტებით, ასე აიხსნება ფაქტი, თუ როგორ იგებენ სამოქალაქო აქტივისტები ვიზიტების შესახებ პირველები.
„მაქარაშვილი გულუას ყოფილი პრესსპიკერია, დიღმელაშვილი ბუშის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა. ესენი მარტო რუსეთის საქმეს კი არ აკეთებენ, არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?", - ამბობს კობახიძე.
ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.
აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".