logo
ENG



კობახიძე: ვიცით, რომ არჩევნებზე ერთ-ერთ პარტიაში ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება

26 ოქტ 202313:36
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქართულ ოცნებაში აქვთ ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური გეგმები. კობახიძის თქმით, განიხილება სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა კანდიდატად ერთ-ერთი პარტიიდან არჩევნებში, თუმცა ის პარტიას არ აკონკრეტებს.

"ჩვენ ვიცით, რომ მას [სალომე ზურაბიშვილს] აქვს პოლიტიკური გეგმები, ნუ, როგორ წარიმართება ეს პროცესი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი, საუბარია კანდიდატად ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში არჩევნებში მონაწილეობაში. საბოლოო ჯამში, რეალურად ეს დადებითად აისახება საერთო შედეგზე, ჩვენს საარჩევნო შედეგზე, რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ სტატუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ცდილობდა რომ გადაწყვეტილება, რომელიც "ახლა მწიფდება ევროკავშირში" "საკუთარ თავზე მიეწერა".

"ის ცდილობდა, რომ რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც მწიფდება ევროკავშირში, თუმცა იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა, ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული", - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა