ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არასდროს ტყუის".
ქართული ოცნების წევრები ბათუმში იმყოფებიან, სადაც ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტებმა მას წარსულში გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება შეახსენა: "ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის". მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰკითხეს, ამ მხარდამჭერი განცხადების გაკეთების დროს ტყუოდა თუ ახლა, როდესაც გახარიას წინააღმდეგ ახალი დეტალების გამჟღავნებას აანონსებს.
"მე არასდროს ვტყუი, ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავის დროზე, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი. როდესაც გავიხედეთ უკან, ბევრი რამ უფრო ასახსნელი გახდა. რაღაცებს ვხსნიდით, მაგალითად, არაკომპეტენტურობით, ა.შ., თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნა და მიზეზები", - განაცხადა კობახიძემ.
16 თებერვალს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც იტყვიან, რა მოხდა 1 წლის წინ. მისივე თქმით, "ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს". როგორც იგი ამბობს, საზოგადოებისთვის დეტალები მალე გახდება ცნობილი.
