"ქართული ოცნება" მიმართავს ოპოზიციას, გაასაჯაროვონ შენიშვნების ჩამონათვალი, რომელიც უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ.
ეს განცხადება პარტიის ოფისში ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ "კარგი იქნება, თუ უცხოელებიც ჩამოთვლიან, რა არ გააკეთა საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად".
"მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ, თუმცა არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებას და რა გინდათ თქვენ", - თქვა კობახიძემ.