ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი საპატრიარქოს არ დაუპირისპირდება.
ეს მან ნინოწმინდის პანსიონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა.
"რა თქმა უნდა, საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ. ეს არის ცხადი და მარტივი. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და დადგება შესაბამისი შედეგები
მე არ ვიცი, რეაგირება დაგვიანებულია თუ არა. ყველაფერს ჩახედავს მათ შორის პარლამენტი. გამოძიება გაგრძელდება. თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, რეაგირებაც იქნება შესაბამისი". - განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ირაკლი კობახიძემ 4 ივნისსაც თქვა, რომ მმართველ გუნდს არ უნდა საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება. ნინოწმინდის პანსიონში არსებული რთული ვითარების შესახებ "რბილი" განცხადებები მან საკითხის სენსიტიურობით ახსნა, მათ შორის, ეკლესიის როლის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, პანსიონში, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. პანსიონში ცხოვრობდნენ აღურიცხავი ბავშვებიც.
ნინოწმინდის პანსიონზე, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას.
ლაპარაკობენ რეიკებით და სახაზავებით ცემაზე, ასევე გაუპატიურებაზე.
თუმცა, სასამართლოს განჩინებამდე პანსიონში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის პანსიონიდან 20 ბავშვია გაყვანილი.