logo
ENG



კობახიძე: უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ

13 თებ 202211:55
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ

ირაკლი კობახიძე, თანაგუნდელ მამუკა მდინარაძის მსგავსად ამბობს, რომ უკრაინაში ვიზიტს არ აპირებს. 

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხმამაღალი პოზიცია რეზოლუციის მიღებით გამოიხატა.

"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს პარლამენტმა 1-ლ თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ისე მიიღო, რომ რუსეთი ერთხელაც არ უხსენებია. 

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც. 


close დახურვა