logo
ENG



ოცნება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთს არ ახსენებს - ერთობლივი მხარდაჭერა არ შედგა

26 იან 202217:17
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება და ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების მიერ შედგენილ უკრაინისადმი მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები. ოცნების მიერ შემუშავებულ პროექტს ოპოზიცია არ დაეთანხმა.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 

სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და ასევე ტექსტის სათაურიც. 

ფორმულამ მოიპოვა ქართული ოცნების მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ

საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი.

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

***

შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენის მიზნით შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტში რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დღეს ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა შეხვედრისას გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოცნებამ შეადგინა, რომელზეც ოპოზიციას "პრინციპული შენიშვნები ჰქონდა". როგორც სამნიძე ამბობს, დოკუმენტში აუცილებლად იქნებოდა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია. თუმცა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ საბოლოო ვარიანტში რუსეთი ნახსენები კვლავ არაა.


close დახურვა