logo
ENG



კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით

05 ივლ 202323:17
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან "ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში" რჩებიან. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელჩის დაბარება ურთიერთობებში არაფერს ცვლის, რადგან ეს აქამდეც ასე იყო. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"რეალურად, რჩება იგივე რეჟიმი, რაც იყო აქამდე, პრინციპულად რჩება იგივე რეჟიმი და გეტყვით, რა არის ეს რეჟიმი - ეს არის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი, არ იცვლება არაფერი. აქამდეც იცით, რა პოლიტიკა ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას, არა მარტო წელს, შარშან, 2014 წლიდან მოყოლებული.

ვიდრე კრიმინალებს იფარავს უკრაინის ხელისუფლება [...] ასეთ პირობებში, ჩვენ ვრჩებით, სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ჩვენთვის მთავარია უკრაინელი ხალხი და ეს ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს საუკუნოვანი მეგობრობა და არ გვაინტერესებს არაფერი ამის გამო და ვამბობთ შემდეგს:

დღეს, კი ბატონო, არის ეს არამეგობრული ნაბიჯები, არაჯანსაღი ნაბიჯები, შეურაცხმყოფელი ნაბიჯები, მაგრამ ეს ხელისუფლება დღეს ხელმძღვანელობს ომში მყოფ ქვეყანას, აქედან გამომდინარე, არ შევდივართ ამ პოლემიკაში, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან", - განაცხადა მან.

3 ივლისს სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.

სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კვლავ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი განცხადებით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.


close დახურვა