logo
ENG



კობახიძე: ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მთავარია, ოპოზიციამ არ ჩაშალოს მოლაპარაკებები

17 მარ 202121:30
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით ამბობს, რომ შეხვედრა "ძალიან კარგი" იყო. 

კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, მთავარ საფრთხედ კი კვლავ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხელოვნური საბაბის ძიებას ასახელებს. 

"იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი", - ამბობს კობახიძე, - "მთავარია, ოპოზიციამ საბაბის ძიება არ დაიწყოს იმისათვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები". 

კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ყველა საკითხი განიხილეს, მათი განხილვა კი, მისი თქმით, სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეტალების შესახებ საუბარს კვლავ ვერ შეძლებს, თუმცა უშვებს, რომ დეტალები ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდეს./ 

"დღეს კონკრეტიკას ვერ გავშლით, სავარაუდოდ, ხვალ გვექნება ამაზე საუბარი", - ამბობს კობახიძე, - "ხვალ გაგრძელდება განხილვა და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი". 

კობახიძისგან განსხვავებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოზიციების დაახლოების კუთხით, შეხვედრა რთულ და მძიმე ვითარებაში წარიმართა. მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის შეთანხმების გზით გადაჭრის ხელშეწყობისთვის ევროპული კომისიის პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი უკვე 5 დღეა თბილისში იმყოფება და მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავს. 

პარალელურად, დასრულდა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი. ღარიბაშვილი ევროპული კომისიის პრეზიდენტს, უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ნატო-ს გენერალურ მდივანს და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შეხვდა. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროდეპუტატებს არაფორმალური, საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის და შარლ მიშელის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით. 

ღარიბაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომას უხელმძღვანელებს.


close დახურვა