ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, ვინაიდან წითელი ხაზები არსებობს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.
"იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს". - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ფრენების საკითხი არ არის დაკავშირებული დიპლომატიასთან და ეს ეკონომიკური საკითხია.
"და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება". - თქვა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს, 5 აგვისტოს გამართუ ბრიფინგზე განაცხადა:
"რუსეთი არასდროს სვამდა ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ერს შორის. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ დონემდე, რა დონეზეც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის დაცვით". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა.
ბრიფინგზე მან 2008 წლის ომზეც ილაპარაკა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველო შეიარაღებული თავდასხმის დაწყებაში.
მოსკოვი კვლავ ირწმუნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, რუსეთმა კი "სამხრეთ ოსეთი" განადგურებისგან იხსნა.
"თავდაპირველად რუსეთმა მშვიდობიანი ოპერაციით შეაჩერა საქართველოს აგრესიული შეჭრა, შემდეგ კი უზრუნველყო სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკა აღიარა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად". - განაცხადა მან.
13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.