logo
ENG



კობახიძე ამბობს, რომ NED და EED საქართველოში ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას აფინანსებენ

23 თებ 202301:02
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ამბობს, რომ NED და EED საქართველოში ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას აფინანსებენ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის (EED) "ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას" აფინანსებენ.

მას მაგალითად მოჰყავს მოძრაობა სირცხვილია, პარტია დროა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და აცხადებს, რომ ისინი დაფინანსებას სწორედ ამ ორგანიზაციებისგან იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კობახიძემ კონკრეტულად დაასახელა სხვადასხვა ორგანიზაციის დამფინანსებლები, მმართველი პარტია კვლავ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსდება".

"მას [სირცხვილიას] აფინანსებს იგივე EED, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურაა. საზოგადოება როცა ნახავს ამ დაფინანსების წყაროებს, ის შეეკითხება იგივე ევროკავშირის სტრუქტურებს, როდესაც პირველ პუნქტად მოითხოვენ საქართველოსგან დეპოლარიზაციას და შემდეგ პასუხს სთხოვენ იმისთვის, რომ არ შემცირდა - როგორ უნდა შეამცირო, როცა ორი მხარე აქვს - ანუ ერთი მხრივ, გეუბნებიან, რომ შენი პირველი ამოცანა არის დეპოლარიზაცია და თვითონვე აფინანსებენ პოლარიზაციას, სირცხვილიას, ექსტრემისტულ ორგანიზაციას, მეორეს, ვისაც აფინანსებენ, ეს არის დროა, რომელიც კიდევ ერთი ექსტრემისტული ორგანიზაციაა, ფართო გაგებით ნაცმოძრაობის ერთ-ერთი შტო [...]

მთავარი არის ის, რომ ხდება ექსტრემიზმის და პოლარიზაციის დაფინანსება, ერთი მხრივ, გთხოვენ დეპოლარიზაციას და პოლარიზაციის შემცირება და თან აფინანსებენ პოლარიზაციას.

მარტო ეს არ არის, კიდევ იყო შემთხვევა, ეს იყო სცენიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, რამდენიმე, ბევრი არ იყო, 3-4, უბრალოდ ესენი არიან ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები, ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ, პირდაპირ შევიდნენ პოლიტიკაში და პირდაპირ დაპოზიციონირდნენ, როგორც ნაცმოძრაობის დანამატი. ეს ორგანიზაციების უხვად ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის არის ის წყაროები, რომელიც იგივე სუბიექტებს უკავშირდება", - განაცხადა მან.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით ითხოვენ მთავრობის გადადგომას, ხდება თუ არა მანიპულირება ამ დაფინანსებით და ცდილობს თუ არა ვინმე, საკუთარი "ექსტრემისტული" საქმიანობა დაფინანსების კონკრეტული წყაროებით შეფუთოს.

კობახიძე ამტკიცებს, რომ კონკრეტული სუბიექტები ევროკავშირის წყაროებიდან მიღებულ თანხებს ბოროტად იყენებენ იმისთვის, რომ პოლარიზაცია გააღვივონ. მისი განცხადებით, თუ საზოგადოებას ამაზე რეაქცია ექნება, შემდეგ "სათანადო სუბიექტებისგან რეაქციაც უზრუნველყოფილი" იქნება. მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების ნამახვანჰესის პროტესტში მონაწილეობაზეც და აღნიშნა, რომ ისინი დაფინანსება EED-სა და NED-სგან იღებენ.

"იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან, დღეს ვახსენე რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია, ვახსენე მაგალითად EED, რომელიც ცნობილია საქართველოში იმით, რომ კარლ ჰარცელმა მას გადაახდევინა მელიას გირაოს თანხა, არის ასევე NED აშშ-ში, ასეთი ორგანიზაციები არიან, რომლებიც აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიზნით.

ამ შემთხვევაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ამ ტიპის წყაროებიდან, და რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში", - განაცხადა მან ნამახვანჰესის აქციებზე საუბრის დროს.

სირცხვილიას დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია მათ შორის მოძრაობის ვებგვერდზეც, ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ თავად სირცხვილიას წევრებსაც. მათ რამდენიმე ორგანიზაცია აფინანსებს, მათ შორის: National Endowment for Democracy (NED); European Endowment for Democracy (EED); Open Society Georgia Foundation და Helsinki Foundation for Human Rights.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

 


close დახურვა