logo
ENG



რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ავტორი: ანა ვახტანგაძე
20 თებ 202311:00
11945

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს.

დეპუტატები სადაო კანონპროექტის მიზნად გამჭვირვალობას ასახელებენ და მათი აზრით, ამ იარლიყს  უნდა დაექვემდებარონ არასამეწარმეო იურიდიული პირები, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები.

კანონპროექტი საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე 20 თებერვალს გავა, რის შემდეგაც ოფიციალურად დარეგისტრირდება და მისი განხილვებიც დაიწყება. 

ქართული ოცნებისგან კანონპროექტის კრიტიკა არ მოგვისმენია, პირიქით, მის შინაარს იზიარებენ კიდეც. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია უცხოურ ორგანიზაციებთან, აცხადებს, რომ "აგენტი" არ ნიშნავს "ჯაშუშს".

მმართველი პარტიის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლური ინსტიტუციების მიმართ ბოლოდროინდელი თავდასხმის ტალღა გვარწმუნებს, რომ, მიღების შემთხვევაში, ეს კანონი სწორედ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

კრიტიკის საპასუხოდ "ხალხის ძალის" დეპუტატები ამბობენ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, თუმცა მანიპულირებენ, როდესაც მისი მოქმედების არეალზე არ საუბრობენ. ისინი არაფერს ამბობენ რუსულ პრაქტიკაზეც, სადაც მსგავსი კანონი კრიტიკული ხმის ჩახშობის იარაღად იქცა.

"უცხოური აგენტის" კანონი რუსეთში

უცხოური გავლენის აგენტების კანონზე საუბრისას პირველი ასოციაცია რუსეთია. მართალია, მიხეილ ყაველაშვილი ირწმუნება, რომ რუსული კანონი წაკითხული არ აქვს, ჩრდილოელი მეზობლის გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს საფრთხეს, რომელიც მსგავს კანონს მოჰყვება.

რუსეთშიც, ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად, ამბობდნენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-მა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიიღო.

"ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებულნი და უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ. ვფიქრობ, რუსეთშიც შეგვიძლია მსგავსი კანონი ვიქონიოთ, რომელიც მიიღეს და აშშ-ში მოქმედებს 1938 წლიდან. რატომ დაიცვეს მათ საკუთარი თავი უცხოური გავლენისგან და ამ კანონს ათწლეულების განმავლობაში იყენებენ, ჩვენ კი რუსეთში ამის გაკეთება არ შეგვიძლია", - განაცხადა პუტინმა 2021 წელს.

რუსეთში სიტყვა "აგენტი" სტიგმატიზებულია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "ჯაშუშის" სინონიმადაა ქცეული.  

პირველად "უცხოური აგენტის" ტერმინი რუსულ კანონმდებლობაში 2012 წელს გაჩნდა, როდესაც ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების გამო მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მაშინ პროტესტი "უცხოურ გავლენას" დაუკავშირეს.

"უცხოურ აგენტებად" გამოაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და უცხოეთიდან იღებდნენ დაფინანსებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ სპეციალურ რეესტრში, თითოეულ გამოქვეყნებულ მასალაზე გაეკეთებინათ სპეციალური მინაწერი და მოეხსენებინათ საკუთარი საქმიანობის შესახებ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა და დღეს უცხო აგენტად შეიძლება გამოცხადდეს ნებისმიერი პირი, რომელმაც უცხოეთიდან უბრალო ჩარიცხვა მიიღო. რა თქმა უნდა, ეს კანონი შერჩევითად მოქმედებს და მათ წინააღმდეგ არის მიმართული, ვინც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს.

პირველი დიდი "გარღვევა" მოხდა 2017 წელს. "მასმედიის შესახებ კანონში" შეტანილმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა, უცხოური მედია ორგანიზაციები "უცხოურ აგენტებად" გამოეცხადებინათ. ეს იყო პასუხი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ქმედებებზე, რომელმაც რუსული პროპაგანდისტული RT (Russia Today) დაავალდებულა დარეგისტრირებულიყო როგორც "უცხოური აგენტი".

კანონის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მედია-უცხოური აგენტების სიაში შეიყვანა ამერიკის ხმა, Current Time, რადიო თავისუფლება და სხვა რეგიონული პროექტები.

ორი წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეფართოებინა კანონის მოქმედების არეალი და შესაბამის რეესტრში შეეყვანა ფიზიკური პირები როგორც რუსეთის მოქალაქეები, ისე უცხოელები, რომლებიც მედიაპროდუქტის შექმნაში იღებენ მონაწილეობას ან ავრცელებენ მას და უცხოეთიდან ფულს იღებენ.

2020 წლის დეკემბერში პუტინმა კვლავ ხელი მოაწერა რამდენიმე შესწორებას, რომლითაც უცხო გავლენის აგენტად გამოცხადდებოდა ნებისმიერ მოქალაქე და ორგანიზაცია იურიდიული პირის სტატუსის გარეშე, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური საქმიანობას ეწევიან და უცხოეთიდან დახმარებას იღებენ (არა მხოლოდ ფინანსურს).

"გეთანხმებით, რომ უცხოური აგენტების რეესტრში, არაფერი კარგი არაა. ეს კანონი ჩვენ არ მოგვიფიქრებია, არამედ მოიფიქრეს სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიის შუქურად მიიჩნევა. კანონი მიიღეს 1930-იან წლებში, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ის ახლა მოქმედებს. სადღაც ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენთან ასე არაა. ჩვენ არ ვკრძალავთ მათ მუშაობას, მაგრამ გვსურს, რომ მათ საკუთარი დაფინანსების შესახებ განაცხადონ“, - განაცხადა პუტინმა 2021 წლის დეკემბერში.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ უცხოური აგენტების საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. გასული წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს "უცხოური აგენტების შესახებ", რომელიც, როგორც ითქვა, "აერთიანებს, აზუსტებს და ავსებს ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობას". კანონი ძალაში 1-ლი დეკემბრიდან შევიდა.

უცხოური გავლენა განიმარტა, როგორც "უცხოური წყაროს მიერ პირისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ან ადამიანზე გავლენის მოხდენა, მათ შორის იძულებით, დარწმუნებით ან სხვა საშუალებებით". უცხოური აგენტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, მნიშვნელობა არ აქვს მის საქმიანობას, მთავარია, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალოს ასე.

გამაერთიანებელი კანონით "უცხოური აგენტის" სტატუსის მქონე პირები ვერ ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ვერ იმუშავებენ სახელმწიფო დაწესებულებებში, არ აქვთ უფლება, იყვნენ საარჩევნო კომისიებში და ნებისმიერი საზოგადოებრივი ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის პროტესტების. გარდა ამისა, მათ არ შეუძლიათ სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღება, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და სტრატეგიულ რუსულ საწარმოებში ინვესტირება. "უცხოური აგენტების" მიერ შექმნილი საინფორმაციო მასალები არ შეიძლება გავრცელდეს არასრუწლოვნებში.

კანონში "უცხოურ აგენტებთან აფილირებული პირების" ცნება შემოვიდა. მათ შორის არიან "უცხოურ აგენტებად" გამოცხადებული ორგანიზაციების დამფუძნებლები, მენეჯერები ან თანამშრომლები. "აფილირებული პირებისთვის" ცალკე რეესტრი არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს "უცხოური აგენტის" რეესტრში ყოფნას არანაირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოყვება, ეს სიმართლე არაა. თუ "უცხოური აგენტის" სტატუსისთვის სავალდებულო ნორმებს არ შეასრულებთ, სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება.

"უცხოური აგენტის" ცვლილებების მიღებიდან 9 წლის თავზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას 73 მომჩივანი ორგანიზაციისთვის 1,14 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა მოსკოვმა დღემდე არ აღასრულა გადაწყვეტილება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩიოდნენ, რომ "უცხოური აგენტის" სტატუსის გამოყენება რუსეთში დისკრიმინაციულია და სამოქალაქო საზოგადოებას ახშობს. "უცხოური აგენტის" მოთხოვნების დარღვევის გამო სასამართლომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინა, ნაწილი კი, საქმიანობის შეზღუდვისა და ჯარიმების გამო,  იძულებული გახდა, თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა. ასე დაემართა ერთ-ერთ ყველაზე ძველ უფლებადამცველ ორგანიზაცია "მემორიალს". 

გამონაკლისები ამ კანონსაც აქვს. "უცხოურ აგენტებად" ვერ გამოცხადდებიან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოები, სახელმწიფო კომპანიები და სახელმწიფო კორპორაციები, აგრეთვე მათ მიერ კონტროლირებადი პირები. აქედან გამომდინარე "უცხოური აგენტის" სტატუსი არ ემუქრება რუსულ სახელმწიფო კორპორაცია RT-ის, რომელიც უცხოეთიდანაც იღებს დაფინანსებას. გარდა ამისა, "უცხოური აგენტების" რეესტრში არ მოხვდებიან რელიგიური ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და დამსაქმებელთა ასოციაციები, სავაჭრო და სამრეწველო პალატები.

 "უცხოური აგენტი" - ომის იარაღი

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ "უცხოური აგენტის" სიების შევსება ინტენსიურად დაიწყეს. ფიზიკური პირი-უცხოური აგენტები სწორედ ამ დროს გაჩნდნენ პირველად და ესენი იყვნენ ჟურნალისტები - ევგენი კისელევი და მატვეი განაპოლსკი. სხვადასხვა რეესტრში იმ პერიოდისთვის ბევრი ცნობილი ბლოგერი, აქტივისტი და ჟურნალისტი მოხვდა: იური დუდი, ეკატერინა შულმანი, მაქსიმ კაცი, ილია იაშინი, ირინა შიხმანი და სხვები.

ომის საწინააღმდეგო საჯარო პოზიციის გამო დაიწყეს რეესტრში პოპ-კულტურის წარმომადგენლების შეყვანა, ამის მაგალითია მომღერალი ზემფირა და რეპერი მორგენშტერნი.

"უცხოური აგენტის" იარლიყის მიწებება იმდენად გამარტივებულია, რომ ამის საფუძველი შეიძლება ნებისმიერი გადარიცხვა გახდეს. მაგალითად, როდესაც  ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, დაიწყო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, შეიყვანდნენ თუ არა მას "უცხოური აგენტების" რეესტრში, რადგანაც პრემიის ფარგლებში ფულადი ჯილდოც უნდა მიეღო.

"თვითონ ხართ უცხოური აგენტი" - ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი აქციაზე

FARA - რას ეხება ამერიკული კანონი სინამდვილეში

"ხალხის ძალის" დეპუტატებს საკუთარი იდეის გასამართლებლად მაგალითად ამერიკული კანონი მოჰყავთ. იმავეს იმეორებდნენ რუსეთში. თუმცა ამერიკული კანონი  შორსაა ქართული და რუსული ანალოგებისგან.  

"აქტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" აშშ-ში 1938 წელს მიიღეს. პირველ რიგში ის ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ იყო მიმართული - მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე გერმანია ცდილობდა, აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენა მოეხდინა.

აქტი გათვლილია იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნების დავალებით და ფინანსური მხარდაჭერით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს შეიძლება მოხდეს ლობიზმის ან გარკვეული ინფორმაციის გავრცელების საშუალებით. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ლობიზმი აკრძალული არაა და რეგულირებულია კანონმდებლობით.

FARA-ს კანონის შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში და ყოველ ექვს თვეში შემოსავლებისა და გასავლის შესახებ ანგარიში წარადგინონ.

FARA ასევე მოითხოვს, რომ "უცხოური აგენტის" მიერ გავრცელებულ მასალას თან უნდა ახლდეს წარწერა, რომ ის ვრცელდება "უცხოური სუბიექტის სახელით". 

1966 წელს აქტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მაშინ ფოკუსი პოლიტიკური პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობიზმზე გადაერთო. დაზუსტდა "უცხოური აგენტის" განმარტებაც. იქ შედიოდნენ ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებდნენ მხოლოდ უცხოური ხელისუფლების ან ორგანიზაციების პირდაპირი ბრძანებითა თუ სურვილით. გარდა ამისა, სადაო შემთხვევაში, ამერიკის ხელისუფლება ვალდებულია დაამტკიცოს, რომ სავარაუდო "აგენტის" მიზანი ნამდვილად აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა იყო.

იმ "უცხოურ აგენტებს" - ანუ სხვა ხელისუფლების პოლიტიკურ ლობისტებს, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ - თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ელოდებათ.  

ორგანიზაციას, რომელიც ამ სტატუსის ქვეშ იმყოფება, იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია თავისუფლად განაგრძოს მუშაობა.

გარდა ამისა, FARA არ ეხება არაპოლიტიკურ ლობიზმსა და პროპაგანდას, ფართო გაგებით, რუსეთისგან განსხვავებით.

ევროპული პრაქტიკა

მმართველი პარტიის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულების კანონპროექტი უფრო საეჭვო ჩანს.

მაშინაც კი, როდესაც ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე საუბრობენ, რაც ერთი შეხედვით ცუდი არაა, ისინი არასდროს გულისხმობენ რუსული გავლენის ჯგუფებს, რომლებიც მოსკოვიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებენ და ნამდვილად ცდილობენ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების გატარებას და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას. ამასთან, ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე წლიური ანგარიშია ხელმისაწვდომი, სადაც, მათ შორის, ფინანსებიც არის განხილული და დონორებიც არიან მითითებულნი. 

ევროპაში არ არსებობს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" გამოაცხადებს. ამაზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც. რუსეთისგან მაგალითის აღება სცადა უნგრეთმა, თუმცა ვიქტორ ორბანს უკან დახევა მოუწია.

"რუსეთის და უნგრეთის მაგალითი ასევე გვიჩვენებს, რომ "გამჭვირვალობის" მოთხოვნების დამდგენმა კანონებმა გამოიწვია არა გაცხადებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, არამედ დაასუსტა ხელისუფლების მაკონტროლებელი მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და "მსუსხავი ეფექტი" იქონია მათ საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაძლიერების სფეროში", - აღნიშნავს ორგანიზაცია თავის განცხადებაში.

"უცხოური აგენტის" უნგრული კანონი

პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, პუტინის საკმაოდ ახლო ევროპელ მოკავშირედ მიიჩნევა.

უნგრეთის მმართველმა ფარტია ფიდესმა "უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი 2017 წელს მიიღო. მაშინაც ცვლილებების მიზეზი გამჭვირვალობა სახელდებოდა. თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ ორბანის პარტიის მთავარი მიზანი ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი იყო.

კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან 7,2 მილიონ ფორინტზე მეტ ფინანსურ დახმარებას იღებდნენ (დღევანდელი კურსით დაახლოებით 18 ათას ევრო), უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ". გარდა ამისა, მათ გაესაჯაროებინათ 1 400 ევროზე მეტი ოდენობის შემოწირულება.

ორბანის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ კანონი მიმართული იყო იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავდნენ და კორუფციას ებრძოდნენ, ასევე უშუალოდ ღია ფონდის საზოგადოებისა და მისი დამფუძნებლის, უნგრული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ. კანონის მიღებიდან მალევე სოროსის ფონდმა ბუდაპეშტის ოფისის დიდი ნაწილი ბერლინში გადაიტანა.

კანონს დასავლეთში ბევრი აკრიტიკებდა. 2020 წელს ევროპულმა სასამართლომ კი დაადგინა, რომ უნგრული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის პრინციპებს და ის უნდა გაუქმდეს. უნგრეთის ხელისუფლებამ კანონის გაუქმების შესახებ 2021 წელს გამოაცხადა.

უნგრეთს კანონის გასაუქმებლად თითქმის 4 წელი დასჭირდა. შემოდგომისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება. ახალი რეგულაციის არამხოლოდ მიღება, არამედ მისი მმართველი პარტიის მხრიდან განხილვაც კი დამაზიანებელია ქართული დემოკრატიისთვის და ქვეყანას ევროპული მისწრაფებებისგან აშორებს. 

close დახურვა