ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების სისტემის შესახებ დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე პასუხად ამბობს, რომ მათ უნდა წარმოადგინონ ფაქტები, რაც დაადასტურებს რომ სასამართლოს სისტემაში პრობლემები ნამდვილად არსებობს.
ამის შესახებ კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მართლმსაჯულების, როგორც არის საქართველოსთვის გამოწვევის კუთხით მუდმივ ხაზგასმაზე.
„ჩვენ ვითხოვთ მარტივად ფაქტებს. საჭიროა ფაქტის მოტანა იმასთან დაკავშირებით თუ არის პრობლემა სასამართლოში. მაგალითად კონკრეტულ სფეროში უნდა არსებობდეს ფაქტები რაც პრობლემებს ხაზს უსვამს. სასამართლოშიც უნდა მოგვიტანონ რაღაც საქმე. აი მაგალითად, არის რაღაც საქმე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც სამართლებრივი პრობლემა. უნდა მოიტანონ ასეთი საქმეები, მაგრამ ვერცერთი ასეთი საქმე ვერ მოაქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
კობახიძე აცხადებს, რომ პარტია მზადაა საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგისა და დისკუსიისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამგვარ „ფაქტებს“ წარმოადგენენ და საჭიროების შემთხვევაში, კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება შესაბამის რეფორმებსაც გაატარებს.
ჟურნალისტის კითხვაზე შარლ მიშელის დოკუმენტში ევროკავშირის მხრიდან მოსამართლეების შერჩევის პროცესის ეჭვქვეშ დაყენებასა და იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მოთხოვნაზე კი კობახიძე პასუხობს რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობდა ფაქტები, რაც დაადასტურებდა, რომ დანიშვნის სისტემა არაა გამჭვირვალე.
„აქაც ფაქტები კი არ საუბრობდნენ: ვიღაცებმა შეიტანეს საბუთები, ვიღაცები მეორე ტურში გადავიდნენ. ვიღაცას მეორე ტურში რომ გადავიდა მეტი ეკუთვნოდა, ნაკლები დაუწერეს? ამაზე კი არ მიდის საუბარი, საუბარი მიდის იმაზე რომ ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე. ახლა მე გეტყვით როგორი გამჭვირვალეა ეს პროცესი.
ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ამაზე გამჭვირვალე და რთული პროცედურა მოსამართლეების შერჩევისთვის არ არის დადგენილი ამაზე პასუხს ვაგებ, როგორც იურისტი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერ სფეროში რეფორმების პროცესის განხილვისას საჭირო იქნება „ფაქტები და მტკიცებულებები და არა ზეპირი საუბარი“.