logo
ENG



კობახიძე ზურაბიშვილზე: ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო

31 მარ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ "ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინეს, რაც მოსალოდნელი იყო".

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა "ერთი მხრივ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ დაუპირისპირდა სტატუსს", რაც მისი მტკიცებით, "რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელებაა".

"დღესაც ბევრი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. მთავარი არის რა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს იყო შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო წელსაც არ დაიმსახურებს სტატუსს, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად, ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით კომენტარი არც არის საჭირო", - თქვა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის დროს "ქართული ოცნება" გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია.

ზურაბიშვილმა ქართული ოცნების ანდიტასავლურ რიტორიკასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემაზე "თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ".


close დახურვა