logo
ENG



კობახიძე ზურაბიშვილის მიწვევაზე: ენმ-ის პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი გვესაქმება

12 დეკ 202313:47
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიწვევას ეხმაურება და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი ესაქმება".

"ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, მით უმეტეს, რომ ის აგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე მისი პოზიციიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს, სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე? ხომ გასაგებია ჩვენი პოზიცია", - თქვა კობახიძემ.

პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.


close დახურვა