logo
ENG



"ნამდვილად არ მივალ ასეთი დაპატიჟების მერე" - მარგველაშვილი ზურაბიშვილის მიწვევაზე

11 დეკ 202314:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევას ორბელიანების სასახლეში არ იღებს.

ფორმულასთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ EU-ის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტს არ უხსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები და "მხოლოდ პრემიერმინისტრებით შემოიფარგლა".

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას "ჩვენი ხმა ევროპას" არ მოაწერს ხელს იქამდე, ვიდრე მასზე არ იქნება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა.

"პირველ რიგში გამიკვირდა, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს და პრეზიდენტებს არ ახსენებს და პრემიერმინისტრებით შემოიფარგლება მარტო თავის საჯარო განცხადებაში. მეორე - ვუთხარი ადმინისტრაციას, რომ ასეთ პეტიციას მოვაწერ მარტო ისეთ შემთხვევაში ხელს, თუ იქნება სააკაშვილის ხელმოწერა. მე პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ. ძალიან იოლად გაკეთებადია, შეუძლიათ, შეიტანონ და მოაწერინონ სააკაშვილს ხელი.

მე ყოველთვის გამოვხატავდი პატივისცემას ქალბატონი სალომეს, როგორც პრეზიდენტის მიმართ. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტი უნდა ახსენოს. ცოტა კომიკურია, რომ სააკაშვილის ხელმოწერა არ იყოს იქ და ჩემი ხელმოწერა არ იყოს. პრეზიდენტმა ეს უნდა უზრუნველყოს. მისვლით ნამდვილად არ მივალ ასეთი დაპატიჟების მერე. ერთი ვარ საქართველოში, რომელიც ცოცხალია, გარეთ არის და საქართველოშია. რაც შეეხება ხელმოწერას, დაველოდები, რომ სააკაშვილმა მოაწეროს ხელი და მიმაჩნია, რომ ასეთი პეტიცია სააკაშვილის და ჩემი ხელმოწერის გარეშე კითხვის ნიშნებს გააჩენს", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, 13 დეკემბერს კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.

2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.


close დახურვა