logo
ENG



კობახიძე ქალ დეპუტატებზე: მორალური უფლება არ აქვთ, ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ

01 ნოე 202313:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, არასერიოზულია მოთხოვნა მისი თანაგუნდელის, ირაკლი ბერაიას გადადგომაზე. როგორც ის ამბობს, დეპუტატ ქალებს, ვისაც ბერაიამ შეურაცხყოფა მიაყენა, "მორალური უფლება არ აქვთ, ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ". 

"რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მინდა გითხრათ, როცა ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის, საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მინდა, გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. 

[...] მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ. ამ ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, პირველ რიგში, მიხედონ საკუთარ ზრდილობას, ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ", - ამბობს კობახიძე. 

კობახიძის მტკიცებით, "გენდერულად მოტივირებული უზრდელობაა", როცა ქალი დეპუტატები კაც კოლეგებს პატარა კაცებს უწოდებენ. 

"თეონა აქუბარდიასთან გახსოვთ რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ ბოდიში? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ გვაქვს", - თქვა კობახიძემ. 

31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". გამოსვლის ბოლოს კი ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდიამ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

მოგვიანებით ბერაიამ განაცხადა, "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე დასძინა, რომ "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.

ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ალუდა ღუდუშაუმა და ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვონ. 

 

close დახურვა