"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას - ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას. კობახიძის თქმით, ამ კითხვის დასმას არავითარი საფუძველი არ აქვს.
"ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში...
არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას და რასაც საფუძველი არ აქვს, იმას ნუ იკითხავთ", - თქვა კობახიძემ.
პროკურატურამ "ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, გ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
