"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეები პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცნენ. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის ვადამდე დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მე ვნახე მისი განცხადების შინაარსი. სათაურისგან განსხვავდებოდა. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატად აპირებს მუშაობის გაგრძელებას და საუბარი ჰქონდა მხოლოდ ამაზე, რომ უნდა იურიდიული კარიერა არ დაასრულოს. სათაურში სხვანაირად იყო ეს ყველაფერი გამოტანილი, თუმცა ეს არ არის იმდენად საინტერესო. მთავარია, რომ მოსამართლეებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად. არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა", - თქვა კობახიძემ.
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვისგან თვითაცილების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილეს.
"რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ყოფილმა მოსამართლემ განმარტა, რომ თვითაცილების გადაწყვეტილება შინაგანი რწმენისა და სამოსამართლო სინდისის საფუძველზე მიიღო.
"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მანანა კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მისი პოლიტიკური წარსული დაასახელა და აღნიშნა, რომ იმ პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს. ამასთან, მან მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს.
