ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე დასმული კითხვები პროვოკაციაა.
"სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ. როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს და დაუსვამს ამ კითხვებს [ოკუპაციაზე], ეს არის პროვოკაცია, ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია", - თქვა კობახიძემ.
ბათუმში რუსი ტურისტების ნაწილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აფხაზეთი "დამოუკიდებელია" და ის საქართველოს ნაწილი არაა. რუსული კრუზიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ტურისტმა ფორმულასთან თქვა, რომ "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
"ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული, რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით, აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ", - თქვა ერთ-ერთმა ტურისტმა, რომელსაც შესაძლოა ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდეს დარღვეულია. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ნამყოფია.