კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსის გამოვლენიდან ძალიან მალე, 2 მარტს დაიხურა ყველა სკოლა, 21 მარტს კი გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვებზე კორონავირუსის ზეგავლენა მხოლოდ ჯანმრთელობის რისკებით არ შემოიფარგლება და საგანგებო რეჟიმისა და კარანტინის შემოღებამ ზეგავლენა მოახდინა ბავშვების კეთილდღეობაზე, მათ გუნება-განწყობაზე და ემოციაზე. ბავშვის ბრაზი, წუწუნი, სიჯიუტე, უძილობა ან მოწყენილობა ფსიქოლოგების აზრით შეცვლილ ყოველდღიურობასთან ერთად ნორმალური რეაქციაა.
პატარებისთვის რთულად გასაგები დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი და იძულებით სახლში დარჩენა ადვილი არ იყო, არც მშობლებისთვის. მოხუცების გარდა, რომლებიც პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რისკ-ჯგუფად ჩაითვალნენ, სპეციალისტები ყურადღებას მოზარდებზეც ამახვილებდნენ და პროგნოზირებდნენ, რომ ბავშვების ჩვეული ცხოვრების რითმის დარღვევა უმეტეს მათგანში შფოთვას და გაურკვევლობას გამოიწვევდა. რა კვალი დატოვა კორონავირუსის პირველმა ტალღამ ბავშვებზე და მათ მშობლებზე? და რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ ამ გამოცდილებიდან? ვნახოთ ბავშვების თვალით დანახული პანდემია და სპეციალისტის სასარგებლო რეკომენდაციები "დროების" სიუჟეტში.