logo
ENG



კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა აუკრძალა

19 მარ 202423:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/gay4l9zicyk422j.jpg

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, რომელიც ივლისში გაიმართება.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც თამაშში მონაწილეობაზე კვალიფიკაციას გაივლიან, ოლიმპიადაზე იასპარეზებენ როგორც ნეიტრალური სტატუსის მქონე სპორტსმენები, თავიანთი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის გარეშე.

დღეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კვალიფიკაცია 12 რუს სპორტსმენს მიანიჭა, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ. კვალიფიკაციის გავლას კიდევ 36 რუსი სპორტსმენი შეძლებს - 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა მაქსიმუმ 54-მა რუსმა სპორტსმენმა იასპარეზოს, თუმცა კომიტეტში ამას ეჭვობენ. 

შეზღუდვები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ბელარუს სპორტსმენებსაც ეხებათ. ჯერჯერობით მონაწილეობაზე უფლება 7 სპორტსმენს აქვს, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ამბობენ, რომ კვალიფიკაცია შესაძლოა კიდევ 22 სპორტსმენს მიენიჭოს. ბელარუსი სპორტსმენების მაქსიმალური რაოდენობა 28-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დღეს ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა დროშა, რომლის ქვეშაც იასპარეზებენ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, ნეიტრალური სტატუსით. ასევე, ნეიტრალური სტატუსით საასპარეზოდ სპორტსმენებისთვის შექმნილია სპეციალური ჰიმნი, რომელშიც არაა სიტყვები.

იმ შემთხვევაში, თუ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გამარჯვებას - მედლებს მოიპოვებენ, ისინი არ გამოქვეყნდება ოლიმპიური თამაშების საერთო ცხრილში.

2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენები ასპარეზობას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით და მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში.

2024 წლის ოლიმპიადა პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


close დახურვა