ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადების დაფარვის სერვისით მილიონზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბიზნესსაც, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.
„ამ ეტაპზე შემოთავაზება არის იმ ოჯახებისთვის, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებს. ასეთი ოჯახების რაოდენობა ქვეყანაში არის მილიონ 200 ათასი ოჯახი. გარდა ამისა, გუნდის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება სადაც არ აღემატება 200 კუბურ მეტრს, სახელმწიფო გადაუხდის გადასახადს - ამით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი. ეს მოხდება ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსით - ორი მილიარდი ლარით. ეს არის ნაწილი, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვისაც - ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასაც, რათა ბიზნესმა შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. თუ ბიზნესი ვერ მოახერხებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, სახელმწიფო ეცდება ამ კუთხითაც დახმარების აღმოჩენას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.