logo
ENG



კომუნისტური მმართველობის სტილი - ექსპერტები ივანიშვილის მმართველობას აფასებენ

02 თებ 202019:54
3 წუთის საკითხავი
 
znzqja4twe0qzz0.jpg

არშემდგარი დიქტატორი, თუ ავტორიტარი მმართველი? რა სურს, და რეალურად, რა შესაძლებლობები აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება მისთვის სასურველი სცენარით შეცვალოს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ბიძნა ივანიშვილს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს. აქტივისტები არჩევნების მოახლოებასთან ერთად რეპრესიების გააქტიურებასაც ელიან, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი დასავლელი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩება.

კომუნისტური მმართველობის სტილი - ასე აფასებენ ექსპერტები მოქმედი ხელისუფლების მიდგომებს. მათივე თქმით, ეს ფაქტი  უყურადღებოდ არ რჩებათ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს და ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას ელოდებიან.

ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილს ქვეყნის ერთპიროვნულად მმართველობის სურვილი აქვს, თუმცა, მათივე თქმით, მას ამის რეალური შესაძლებლობა არ გააჩნია. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ საზოგადოება ივანიშვილის გუნდს ადეკვატურ პასუხს გასცემს.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გამტარები მხოლოდ თვითონ არიან.

დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება და პოლიტიკური ანგარიშსწორება - სწორედ ამაზე აკეთებდნენ აქცენტებს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები წერილებში, რომლებსაც ისინი ხელისუფლების მისამართით აგზავნიდნენ. სტრატეგიულმა პარტნიორებმა პირველად სწორედ მაშინ აღნიშნეს, რომ ამერიკამ შესაძლოა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,  საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას გადახედოს.

ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე განმარტებების გაკეთება მომავალ კვირას სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწევს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს დელეგაციას შტატებში 4 თებერვალს ელოდებიან.

 


close დახურვა