პოლიციამ სოფელ კონდოლში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა.
შსს-ს ცნობით, 1987 წელს დაბადებული გ.გ ბათუმში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმაში დასაქმებული ცოლ-ქმარი მოკლა, მათი არასრულწლოვანი შვილი კი დააბა და ადგილიდან მიიმალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან.
გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.გ. დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.