კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნებისთვის 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. გადაუდებელი დახმარების პაკეტი იაფ სესხებს ითვალისწინებს. კრიზისის ფონზე მიღებული გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნების ეკონომიკის რეცესიის შეჩერება და მათი ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება გახდა.
კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მოქმედებენ შეერთებულ შტატებშიც. კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს 100 ათასი აშშ. დოლარი გადაურიცხა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ვირუსთან საბრძოლველად კონგრესი მზად არის 8.5 მლრდ. აშშ დოლარი გამოყოს. პარალელურად საშიში ვირუსის გავრცელების არეალი თანდათან უფრო იზრდება. როგორც შეერთებული შტატების ჯადაცვის სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, კოვიდ-19-ის ვაქცინა შესაძლოა 18 თვეში იყოს მზად. თავისმხრივ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ეს სეზონური გრიპის შემთხვევაშია. მისი თქმით, სეზონური გრიპისგან განსხვავებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი არავის აქვს გამომუშავებული. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 93 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია 3 ათას 198 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 51 ათასს აღწევს.