logo
ENG



კორონავირუსის ეფექტი ეკონომიკაზე - მთავრობას სამოქმედო გეგმა ჯერაც არ წარუდგენია

11 მარ 202020:35
3 წუთის საკითხავი
clock 266

ლარის კურსი სავალუტო ჯიხურებში სამს უახლოვდება. კორონავირუსის ეფექტი ეკონომიკაზე უკვე დრამატულ გავლენას ახდენს.  კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ბოლო 1 თვეში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანებაში, სადაც 150-ზე მეტი ბიზნესსუბიექტია გაწევრიანებული აღნიშნავენ, რომ უცხოელმა ვიზიტორებმა ჯავშნები მაისის ბოლომდე გადაწიეს, ადგილობრივი სტუმრების მიერ შემოსული თანხით კი საჭირო ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ - ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

გადასახადების გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციაშიც - ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ ფისკალური ინსტრუმენტები უნდა აამოქმედოს.  ბოლო 15 წელიწადში რეკორდული მაჩვენებლით იკლო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა -  11 კომპანიამ კი რეისები დროებით შეაჩერა, რამაც ქართულ საავიაციო ბაზარს მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მიაყენა

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა დღეს ეროვნული ბანკისა და კერძო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა - თუმცა შეხვედრის შემდგომ ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ ხელისუფლება სამოქმედო გეგმას მომდევნო დღეებში შეიმუშავებს

ხელისუფლების რეაგირებას დაგვიანებულს უწოდებენ ოპოზიციაში - მათ შეფასებით, მთავრობა ვირუსის გამო შექმნილ კრიზისს მოუმზადებელი შეხვდა. პარლამენტში შემავალი დამოუკიდებელი დეპუტატები კი მინისტრთა კაბინეტის წევრების, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით, მთავრობის მუშაობა არ მოსწონთ ეკონომისტებსაც - ისინი აქცენტს ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან თანხების მოძიებასა და ბიუროკრატიული ხარჯების  შემცირებაზე აკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მთავრობის მუშაობას თანმიმდევრულს უწოდებენ - კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე არც თვითონ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.


close დახურვა