ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს.
როგორც დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დემოკრატია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.
"დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა ხვალ ყველა პარტიას შევხვდე. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო გზების მოძიება, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს რომ მხედველობაში სხვა მხარის ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ამას ყოველთვის ვამბობ, ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, პარტიების ლიდერებს ვუთხარი, რომ მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ", - ამბობს კრისტიან დანიელსონი.
ევროპელმა დიპლომატმა პარტიებს მოუწოდა დოკუმენტზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა აიღონ.
"და ბოლოს, პარტიებს მოვუწოდებ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ეს ლიდერებისთვის იქნება საშუალებაა, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე. მინდა გაგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული იქნება - საქართველოს ხალხი. დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ უზრუნველყონ საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება", - აღნიშნა დანიელსონმა.
შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო.
დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.