ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ქართული ოცნების განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.
კუბილიუსის თქმით, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ცრუ ბრალდებების გამო, ბოდიში მოუხადოს.
ამასთან, კუბილიუსის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს და გადადგას ნაბიჯები ერთიანობის დემონსტრირებისთვის, ის ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისგან და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით. ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან ქართული ოცნების წევრებიც და ყველა გვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა", - ამბობს კუბილიუსი ფორმულასთან საუბრისას.