ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.
ფონ კრამონს თბილისში ყოფნის დროს ციხეში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულება სურდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფონ კრამონი "არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან".
"ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში. ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს სრულიად შეუსაბამო ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს ქართული ოცნების დეკლარირებულ მცდელობას მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", - წერს კუბილიუსი ტვიტერზე.