logo
ENG



კუბილიუსი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე: ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გადაწყდება

01 სექ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

„მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული რესურსის ნებისმიერი სახის გამოყენება იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე”, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს და დემოკრატიის საბაზისო წესების დარღვევას აღარ ეგუება.

„ხალხი მოითხოვს რეალურ დემოკრატიას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. საქართველო ამ მხრივ შედარებით წინაა თავისი პროგრესით, მაგალითად როგორიცაა პროპორციული საარჩევნო სისტემის დამტკიცება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული რესურსის ნებისმიერი სახის გამოყენება იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. ხალხი კარგად ერკვევა ახალ ტექნოლოგიებში, ინტერნეტში, ფეისბუქში, ტელეგრამ-არხებში, ხალხს შეუძლია ძალიან ყურადღებით ადევნოს თვალი მიმდინარე მოვლენებს და აღარ ეგუებიან დემოკრატიის საბაზისო წესების დარღვევას”, - განაცხადა კუბილიუსმა.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მისიის გამოგზავნა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ევროპარლამენტის დელეგაციის მისია დამოკიდებული იქნება პანდემიის რეგულაციებზე. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გადაწყდება”, - განაცხადა კუბილიუსმა

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 ჩატარდება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.


close დახურვა