ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გამოეხმაურა, რომლის გადაწყვეტილებაც დღეს, 21 იანვარს საქართველოს დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული სასამართლო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებს.
ამასთან, კუბილიუსი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი ადვილად არ შეიცვლის პოზიციას.
"იმედი მაქვს, სამართლიანობა გაიმარჯვებს და მკაფიოდ იქნება გამოცხადებული, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე. არ ვიცი კონკრეტულად რას დააკისრებს მას სასამაართლო. არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ადვილად შეიცვლის პოზიციას, მაგრამ ეს დროის საკითხია. ბელარუსის მოვლენების შემდეგ, რუსეთშიც გარდაუვალია რაღაც სახის ტრანსფორმირების პროცესის დაწყება. ამიტომ, რუსეთში დემოკრატიის დაბრუნებასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, იქნება ეს აგვისტოს ომზე თუ უკრაინის ოკუპაციაზე, დიდ როლს ითამაშებს", - აცხადებს კუბილიუსი.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში:
კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება".
ასევე, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული "ისკანდერის" ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.